Preloader

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

დამთავრდა მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრება 2008

Post Date: 2008-06-27

დამთავრდა მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრება 2008

2008 წლის 21 მაისს ჩატარდა მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის მეორე დასწრებული (დასკვნითი) ტური.
ტურში მონაწილეობისათვის მოწვეული იყო თბილისის სკოლების მე-4, მე-5 და მე-6 კლასების ის 26 მოსწავლე, რომლებმაც პირველ დასწრებულ ტურში 2 და მეტი ქულა მოაგროვეს.
ტურის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში გავლილი ტურები

2008 წლის 24 ივნისს, სამშაბათს, 17.00 საათზე გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. სულ გაიცა 4 პირველი, 4 მეორე, 9 მესამე ხარისხის დიპლომი და 9 სიგელი. მონაწილეებს გამარჯვება მიულოცეს და დიპლომები და სიგელები გადასცეს „მზიურის“ მასწავლებლებმა და წარმატებულმა მოსწავლეებმა. ყველაზე მაღალი ქულა მეორე ტურში (ისევე, როგორც პირველში) მიიღო თბილისის 99-ე სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ როლანდ ნაჭყებიამ.

შეგახსენებთ, რომ ა.წ. წლის ოქტომბერში გაიმართება „მზიურის“ მისაღები კონკურსი და ყველა მსურველს ვეპატიჟებით მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ ბავშვებს კონკურსისათვის მომზადება შეუძლიათ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული მასალების მიხედვით.

კერძოდ, გირჩევთ, რომ გაეცნოთ დაუსწრებელი გავლილი ტურებისა და უკანასკნელი ოთხი წლის მისაღები კონკურსის ამოცანებს განყოფილებაში გავლილი ტურები.

შეამჩნევთ, რომ მისაღები კონკურსის ამოცანები საგრძნობლად განსხვავდება დაუსწრებელი და დასწრებული ტურების ამოცანებისაგან და არანაკლებ ძნელია მათზე.

შეგახსენებთ, რომ მისაღებ კონკურსში მივიწვევთ მე-5 და მე-6 (გამონაკლისის სახით მე-4) კლასელებს.

მე-4 და მე-5 კლასელებს, იმ შემთხვევაში, თუ მისაღებ კონკურსში მაღალ შედეგს ვერ აჩვენებენ, საშუალება ექნებათ, რომ 2008-09 წლის ინტერნეტშეჯიბრში მიიღონ მონაწილეობა და უფრო მეტად მომზადებულნი შეხვდნენ 2009 წლის ოქტომბერში ჩასატარებელ მისაღებ კონკურსს.

მშობლებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ ყურადღებით გადახედონ მშობლის სამახსოვროს, სადაც დაწვრილებით არის განმარტებული „ტალანტების ფაბრიკის“ არსი და დანიშნულება. თუ დამატებით კიდევ გექნებათ შეკითხვები, მზად ვართ, ამომწურავი პასუხები გაგცეთ.



შემოგვიერთდით

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

შეტყობინება